სუს-ის გამოძიების შინაარსს განსაკუთრებულ პრობლემურობას მოახლოებული არჩევნები ანიჭებს - NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნები“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით წარმოებულ გამოძიებას ეხმაურებიან.

გავრცელებულ საერთო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიების ფარგლებში „მთავარი არხის“ სიუჟეტზე აქცენტირება შემაშფოთებელია და აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს კონკრეტული მედიის დემონიზებას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას ცდილობს.

ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშული შეიცავს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკარა და უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას.

NGO-ები სუს-ს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას ახსენებენ და ხაზს უსვამენ, რომ ადამიანის ეს უფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველი, ასევე მიზანია;

„იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები წერენ რომ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარეშე; ასევე, მოქალაქეებს უფლება აქვთ, მიიღონ, გაიზიარონ ან უგულებელყონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია.

განცხადებაში ასევე განმარტებულია საბოტაჟის მუხლის არსიც, რომელიც, NGO-ების თქმით, აქტუალური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დაწესებულებისთვის მიყენებული ხელშესახები ზიანი – მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ცალსახად დადგინდება, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიჟეტი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, მასზე რეაგირება, არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მანქანის, არამედ, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაა ან/და კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში უფლების სამოქალაქო წარმოებით სასამართლოს გზით დაცვაა, რაც ჩვენი საზოგადოების მონაპოვარსა და ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევებისგან თავისუფალი მედიის არსებობის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შინაარსს განსაკუთრებულ პრობლემურობას, საარჩევნო წელი და 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ანიჭებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას სასიცოცხლო როლი ენიჭება არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში ნებისმიერი სახის ჩარევისგან და უარი თქვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გამოყენებაზე“, – წერია განცხადებაში.