კობახიძე სუსის განცხადებაზე: იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ განცხადებაში საუბარია იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც „არ უნდათ სიკეთე ქვეყნისთვის, ანუ ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო- და აუდიოჩანაწერების გავრცელებას”.

„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საქმე ეხება როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. თუმცა, მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები და კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით,  „აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.