სუს-ის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი კუპიურების შენახვა-გასაღებაზე 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, გამოძიების თანახმად, საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი. ისინი ბრალდებულის სახით სწორედ ამ დროს დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. უწყების განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.