სუს-ის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბრის ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა.

„მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზებს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებს უწყება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს განცხადება ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომელთა ინფორმაციით, დევნილი მოსახლეობის არჩევნებზე გადმოსვლის შეზღუდვის მიზნით შეიზღუდა ენგურის ხიდზე მოძრაობა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ გაავრცელეს.