თბილისის საქალაქო სასამართლოში იკითხებიან ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნების დღეს სხვადასხვა უბანზე პროცესებს აკვირდებოდნენ.
საქმე შეეხება არჩევნების დღეს ე.წ. რევოლუციურ სცენარის მომზადებას, რომლის შესახებაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე საუბრობდა. ადვოკატის ინფორმაციით, ამ საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 315-ე მუხლით იძიებს, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.
როგორც გამოკითხვაზე დაბარებული პირები ამბობენ, გამოძიება ინტერესდება, იცნობენ თუ არა ისინი დევი ჭანკოტაძეს, ვანო მერაბიშვილს; რა ურთიერთობა აკავშირებთ მათთან; ასევე ინტერესდებიან, აქვთ თუ არა იარაღის ფლობისა და ტარების უფლება ან ხომ არ ფლობენ კანონსაწინააღმდეგო ნივთს.
„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და დამცირებულად ვგრძნობ თავს, მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურში ვიყავი, მის მშვიდობას ვემსახურებოდი და ახლა აღმოჩნდა, მე და ზოგი ჩემი მეგობარი ქვეყნის გადამტრიალებლები ვყოფილვართ.
გარკვეულ პირებზე მეკითხებოდნენ, ვიცნობ თუ არ ვიცნობ; მაგალითად, ბატონ დევი ჭანკოტაძეს, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ერთად ვიბრძოდით აფხაზეთის ომში. მაგალითად, ვანო მერაბიშვილს… შსს-ს პოლიციის პოლკოვნიკი ვარ, რა თქმა უნდა, ვიცნობ გარკვეულ დონეზე“, – აცხადებს ბესიკ ნადირაძე, ვეტერანი პოლიციის პოლკოვნიკი „მთავარ არხთან“.
ვეტერანი სამხედრო პოლკოვნიკი არჩილ ომიაძეც ამბობს, რომ მისთვის ემოციურად მძიმეა, მისი თქმით, აბსურდული ბრალდებით, თუნდაც მოწმის სახით დაბარება.
„საარჩევნო პროცესში ჩართული პირი ვარ, როგორც დამკვირვებელი და ეს ალბათ დაშინებასაც ისახავს მიზნად.
ვეტერანები ჩვენ შევიკრიბეთ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჩვენი პოლიტიკური სიმპათიის შესახებ განვაცხადეთ, ვიდეოზე, ალბათ, ვინც ამოიცნეს, სუყველა დაიბარეს, არ ვიცი ,ეს რას ემსახურება“, – განაცხადა ომიაძემ.
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ საქმე აბსურდულია და პოლიტიკური ნიშნები აქვს.
„ეს საქმე დაიწყო, აი, ირაკლი კობახიძე სიებით რომ დაწანწალებდა სუს-ში, იქიდან. ამ საქმის ამ აბსურდული ასპექტებით გრძელდება პროცესიც.
ხალხს ეკითხებიან, რატომ აკვირდებოდნენ არჩევნებს, რას გულისხმობს არჩევნების დაკვირვება და ხომ არ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამ საქმის ერთადერთი ამოცანაა პროპაგანდა, თითქოსდა, რაჩას სახიფათო ხდებოდა საარჩევნო პროცესის დროს და რომ ეს ორკესტრირებული იყო ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ბასილაიამ.
კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ამ პირებზე ზეწოლის საფუძველი მათ მიერ დაფიქსირებული ხარვეზები გახდა.
„რეალურად, ამ საქმეს ხელისუფლების დამხობასთან და ამ მუხლთან კავშირი არ აქვს. ეს ხდება ერთადერთი რამის გამო, ამ პირებმა დააფიქსირეს უბნებზე დარღვევები და ეს ერთგვარი ზეწოლის ხერხია ახლა, რომ დაატარებენ გამოკითხვებზე. გამომძიებელთან ჩვენების მიცემაზე უარი ვთქვით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კი ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს“, – განაცხადა გელხაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 5 ნოემბერს დაბარებული იყო „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ დაასახელა ინფორმაციის წყარო და წარადგინა იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული დესტრუქციული სცენარისთვის.
ირაკლი კობახიძემ 28 ოქტომბერს გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ოპოზიციას გახსნილი აქვს რევოლუციური შტაბი და შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს. 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კი კობახიძემ განაცხადა, რომ „პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე“.
„მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“, – ამბობდა კობახიძე.
31 ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს დევი ჭანკოტაძის შტაბის წევრი რაფიკ ორუჯოვი. არსებული ინფორმაციით, ის მონაწილეობდა 31 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაში და მისი ავტომობილიდან ამოღებულია ელექტროშოკი.
6 ნოემბერს სუს-ში გამოიკითხნენ სამგორის 41-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებელი აკაკი გურჯიშვილი, უწყებაში მისული იყო ადვოკატი გიორგი გოგინავა, რომელიც კახა ლომთათიძის, რეზო ბარამიძისა და იოანე ქერქაძის ინტერესების დამცველია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ პირები კიდევ გამოიკითხებიან საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რა მუხლით, უწყებაში ამაზე არ საუბრობენ. სუს-ში გვითხრეს, რომ საქმე უკავშირდება 31 ოქტომბრის აქციას.