სუს-ის უფროსის მოადგილე: კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი ამოცანა ჯაშუშის დაკავება არაა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი ამბობს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არ არის ჯაშუშების დაკავება.

ამასთან, მისი თქმით, დაკავებულია ბევრი ჯაშუში, თუმცა, უწყება „სანახაობას არ აწყობს და ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობს”.

„კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული ქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ კავშირები, დავადგინოთ მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები. ამით მოვახდინოთ პრევენცია და ეს გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში. სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ”, – თქვა ალექსი ბატიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები.

თუმცა, მათ შორის, ამ ნაწილში, ანგარიშში რუსეთი არ არის მოხსენიებული მტრულ სახელმწიფოდ.

ალექსი ბატიაშვილის თქმით, ანგარიშში „კონკრეტული სახელმწიფო არ არის დასახელებული არც მეგობრულად და არც მტრულად”.

„არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებთ ერთ სიბრტყეში – ოკუპანტი ოკუპანტია, მეგობარი – მეგობარია, მაგრამ თქვენ მკითხეთ კონკრეტულ საკითხზე და მე ამ საქმის ჭრილში გიპასუხეთ”, – თქვა ალექსი ბატიაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.