სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორი ტელევიზიის ეთერით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან და ფულის მოპარვის სქემასთან დაკავშირებით. მედიამ „ქოლ ცენტრების“ საქმიანობასთან გრიგოლ ლილუაშვილიც დააკავშირეს.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება.
მისი თქმით, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.
„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; 2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.
განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე“, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.