„სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობოს მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. სუს-ის განცხადებით, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანისთვის ხელშეშლა.
ბრიფინგზე ჟურნალისტებს ასევე წარუდგინეს ჩანაწერი, რომელიც „მოპოვებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ჩანაწერი 2-საათიანია და თანდართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს“.
იხილეთ განცხადება სრულად:
„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით. აღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს, მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც.
ფაქტთან დაკავშირებით სუს-მა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს სუსი.