სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იგეგმება.
სუსის მტკიცებით, სამოქალაქო არეულობა ოქტომბერ-დეკემბერშია დაგეგმილი, ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა უნდა დადოს.
სუსის მტკიცებით, „დესტაბილიზაციას გეგმავენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“. მათი განცხადებით, არეულობის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა. ასევე, მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.
სუსის მტკიცებით, გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის.
აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით”, – აცხადებს სუსი.
სუსის მტკიცებით, დადასტურებულად იციან, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება. სუსის თქმით, „გეგმის ნაწილია მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი”.
„ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.
ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით.
არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.
აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს”, – აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან შესაძლო გადატრიალების გეგმაზე ლაპარაკობს – მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი ბრალდებები მრავალი წელია, ისმის.
ჯერ კიდევ 2014 წელს მაშინდელმა შს მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ თქვა, რომ ენმ „ევრომაიდნის სცენარზე“ მუშაობდა და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს „შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად”. თუმცა, არ ვიცით, როგორ დასრულდა ის ან დასრულდა თუ არა საერთოდ.
2015 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „უკრაინულ ვებგვერდზე” გავრცელებული ჩანაწერების შესახებ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხებოდა „შეთქმულებას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად“. გამოძიების შედეგები ამ შემთხვევაშიც უცნობია.
315-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 2016 წელსაც, როცა გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი – გამავრცელებლის მტკიცებით, ჩანაწერში ენმ-ის ლიდერები სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობდნენ. საქმეზე გამოძიება სუსმა 2016 წლის 27 სექტემბერს დაიწყო, 29 სექტემბერს კი შსს-მ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე დამარხული საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს. გამოძიება ამ შემთხვევაშიც არ გაგრძელებულა, ან შედეგები არ გასაჯაროებულა.
სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ადამიანები დააკავეს 2019 წლის 20 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ.
ხელისუფლება გადატრიალებაზე ალაპარაკდა 2021 წლის ოქტომბერშიც, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მალულად შემოვიდა. მმართველი გუნდის წევრების მტკიცებით, „სააკაშვილის ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც, გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოდიოდა ხელისუფლებაში და ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით“.
„ქართული ოცნება” გადატრიალების მცდელობას უწოდებს 7-8 მარტის ანტირუსულ აქციებსაც – როცა ათასობით მოქალაქემ რუსული კანონი გააპროტესტა.