სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი 6 მოქალაქე დააკავა.
გამოძიების ცნობით, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა.
კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.
კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.