სუსმა საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 

 

სუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას. 

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. 

 

გამოძიება სსსკ 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

 

სავარაუდოდ, საქმე ეხება 13 იანვარს ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გასულ გადაცემის ანონსს. აღნიშნულ ანონსში ნაჩვენები იყო მთავრობის განკარგულება, რომელიც „გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდებოდა. 

 

ფორმულას ცნობით, აღნიშნული განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 25 დეკემბერს საჯარო ინფორმაციის სახით გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში იყო. გადაცემის ანონსის გასვლის შემდეგ ეს დოკუმენტი წაიშალა, ტელეკომპანიას კი საგამოძიებო უწყებები დაუკავშირდნენ.

 

„ფორმულაზე“ დაყრდნობით, საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვეოდა, რომ „გაზპრომისგან“ საქართველო უფრო მეტ გაზს ყიდულობს და ნაწილს – უფრო ძვირადაც.

 

საქართველოს მიერ მეტი მოცულობის გაზის ყიდვას ადასტურებს თავად „გაზპრომიც“. 

12 იანვარს მათ „ტელეგრამ“-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ითქვა, რომ საქართველოში გაზის მიწოდება წინა წელთან შედარებით 2025 წელს 40,4%-ით გაზარდა.