სუს-მა თბილისის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს „ტექრეისერს“-ის ფაქტობრივი მფლობელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერს“-ისგან შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, ე.წ. „ლეპტოპი“, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ტექრეისერს”-ის დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით.
ასევე, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა თავისი რეკომენდაციით 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.