სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ცნობით, ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გაააქტიურეს ცხელი ხაზი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უწევს ოპერირებას.
„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებს უწყება.