საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. ამის შესახებ „პუბლიკას“ სუს-ში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით აამოქმედა ცხელი ხაზი.
„აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.
იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი”, – ამბობენ სუსში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე, თემურ კარბაია, ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაიღუპა.