სუს: საოკუპაციო რეჟიმმა გალის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავა

პუბლიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, მურთაზ და რემიკო ჭითანავები.

უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2-თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

სუს-ი თავის განცხადებაში არ ახსენებს, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმი მიუთუთებს, რომ დაკავებულებს თან იარაღიც ჰქონდათ.

საოკუპაციო რეჟიმი წერს, რომ დააკავეს საქართველოს მესამე მოქალაქეც. 

რეჟიმის ცნობით, აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა” დააკავა რუსეთის 2 მოქალაქე, რომლებიც „აფხაზეთის საზღვრის კვეთას უკანონო დოკუმენტებით ცდილობდნენ” და  „რომლებსაც დაეხმარა 1979 წელს დაბადებული არჩილ საქანია”. 

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

სუს-ი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

„საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”. – აცხადებს უწყება.