„კანვას საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინი გოგიბერიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.
მის მიერ გამოქვეყნებულ უწყებაში ჩანს, რომ გოგიბერიძე სუსში მოწმის სახითაა დაბარებული 3 ოქტომბერს, 11:00-ზე.
სუსში 2 ოქტომბერს ითქვა, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც გადამზადდა ჯგუფი, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა ხელისუფლების დამხობის პროცესში.
სუსის ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.
„კანვას – საქართველო“ ამბობს, რომ ორგანიზაცია ხედავს ზეწოლას კანვას საქართველოს დირექტორის მიმართ და ასევე იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ორგანიზაციასთან.
აშშ-ის საელჩომ უწყების ბრალდებებს მცდარი უწოდა.