სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
„სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა:
1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.
2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი! თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ”, – განმარტავენ სუს-ში „იმედის“ ცნობით.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განიხილეს გაზმომარაგების საკითხი. მისი თქმით, კითხვები ეხებოდა იმას, საქართველოს აქტიური მონაწილეობა ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგებაში, შეიძლება თუ არა „ქმნიდეს რისკებს”.
„განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაზე ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. კითხვები იყო იმაზე, ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა, მომარაგების, შეიძლება ქმნიდეს ან არ ქმნიდეს რისკებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი დეტალურად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი. ასევე განვიხილეთ მომავალში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო”, – უთხრა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
დღეს სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი.
როგორც „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან.