სუს-ში რასობრივ დისკრიმინაციაზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე თამთა მიქელაძე დაიბარეს

პუბლიკა

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში სუს-ში EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე დაიბარეს. თამთა მიქელაძე გამოკითხვაზე 15:00 საათზე მივა. EMC განცხადებით ეხმაურება მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტზე.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესი შესაძლოა, სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებასა და კონტროლს ისახავდეს მიზნად.

„ამასთან, ჩვენთვის პრობლემურია ამავე საქმეზე   გამოსაკითხი პირის სტატუსით  ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის მოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მიგვაჩნია, რომ გამოკითხვამ შესაძლოა ჩვენი მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სუს-მა მიმდინარე წლის 30 მაისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადება, რომელშიც მან  უკმაყოფილება გამოხატა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაზე და ქალაქის მერს ძეგლის აღებაზე ულტიმატუმი წაუყენა. აღნიშნულ საქმეზე სუს-ში უკვე გამოკითხეს არაერთი აქტივისტი.

„მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება არსებითად უნდა მიემართებოდეს ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ, უწყების ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ის არაპირდაპირ იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში და არა მხოლოდ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებზე და წუხილებზე საუბრობენ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ გამოძიების დაწყებიდან მოკლე პერიოდში საგამოძიებო ორგანომ აქტიურად დაიწყო საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გამოკითხვა.“ – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.