თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებმა ცოტნე კობერიძემ და ბორის ყურუამ პერფორმანსი გამართეს.
ბორის ყურუას ინფორმაციით, ისაუბრეს რევოლუციაზე და სუს-ის ეზოში ტუალეტის ქაღალდები შეყარეს. მისივე ინფორმაციით ამ ქმედების გამო ისინი 80 ლარით დაჯარიმდნენ.
„რევოლუცია არის ერთ-ერთი ბერკეტი, როგორ შეიძლება ადამიანმა შენი უფლებები მოიპოვო, რაც ბუნებით გაგაჩნია. თუ ამერიკის დამფუძნებელი მამები საუბრობდნენ რევოლუციაზე და ეს ნორმალური იყო, ლილუაშვილს რატომ ჰგონია, რომ რევოლუციაზე საუბარი არის პრობლემა, არ ვიცი.
არ მგონია, ლილუაშვილზე ნაკლებად ესმოდეს დემოკრატიის და ინსტიტუტების ფასი ამერიკის რომელიმე დამფუძნებელს და ჯეფერსონზე მეტად ამ ინსტიტუტმა რამე უნდა იცოდეს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის შესახებ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რევოლუციაზე ვისაუბროთ. რევოლუციამ ბევრ ქვეყანას წარმატება მოუტანა, ბევრ ქვეყანას წარუმატებლობაც, მთავარია ამ მექანიზმს როგორ გამოიყენებ. ახლა არის რთული პოლიტიკური სიტუაცია, ვეძებთ გამოსავალს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ბევრი ადამიანის აზრით გამოსავალი შეიძლება იყოს მათ შორის რევოლუციაში, რევოლუცია არ გულისხმობ, რომ თავისთავად ძალადობრივი აქტი განახორციელო ვინმეს წინააღმდეგ და ვიღაცის უფლებები დაარღვიო“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.