სუს-თან ოპოზიციის აქციაზე პოლიციას აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გაჰყავს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის წევრებს საპატრულო მანქანებში ძალის გამოყენებით სვამენ და ტერიტორიიდან არიდებენ.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, სუს-ის შენობასთან აქციის დასაწყებად ემზადებოდნენ, „უბრალოდ იდგნენ“ და ამ დროს დაიწყო მათი დაკავება, პირველ რიგში „ყველაზე აქტიური ადამიანების“. უდუმაშვილი ამბობს, რომ მის დაკავებასაც ცდილობდნენ, თუმცა „ჭიდაობით გაათავისუფლეს“ შსს-ის თანამშრომლების ხელებიდან.

აქტივისტ ნიკა ფარულავას ვარაუდით, 5-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, მამამისი დავით ფარულავა, ზვიად კუპრავა. მოგვიანებით დააკავეს თავად ნიკა ფარულავაც.

მედიის პირდაპირი ეთერებიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პიკეტირების საშუალებას არ აძლევს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს სახელმწიფო შენობების ბლოკირების უფლება არ აქვთ.

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის თქმით კი სუს-თან პირებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის აკავებენ. მისი თქმით, აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ ხელოვნურად.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროსთანაც.

ნიკა მელიამ უწყვეტი აქციები 8 ნოემბერს დააანონსა.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, აქციები იქნება, სანამ:

  1. „მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამედიცინო დაწესებულებით;
  2. მერე არ იქნება გათავისუფლებული;
  3. არ იქნება მიტაცებული არჩევნები დაბრუნებული“.