სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადეს, რომ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანა აღიკვეთა.
უწყებამ განაცხადა, რომ ავტოტრანსპორტის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კონტეინერები, რომელშიც განთავსებული იყო 6 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად.
ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო ექვსი ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებულ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის. ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.
დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.
ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.
კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიო ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.
მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი – სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, დატოვეს თბილისში კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ და ამოღებულ იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
მათივე ცნობით, თბილისში დატოვებული 3 მოწყობილობა განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
სუს ეჭვობს, რომ „საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი მე-3 ნაწილით, თუმცა შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს 18-322 მუხლით, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.