სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ქალაქ ბათუმში საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ასევე ერთი მოქალაქე დააკავეს.
„დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა. აღნიშნული ბირთვული მასალა, რადიოაქტიური ალფა- და გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის“, – წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განახლება: პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით (რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.