სუსი აცხადებს, რომ ირანის შესახებ კვლევაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოში ირანის გავლენების შესახებ „სამოქალაქო იდეის“ კვლევასა და სტატიაზე.

„ჰადსონის ინსტიტუტმა“ 3 მარტს გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ირანის „მზარდი გავლენების“ შესახებ. როგორც „რადიო თავისუფლების” მიერ კვლევის შესახებ გაავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მისი ავტორები „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი არიან.

კვლევაში, „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერი მოკავშირე ქვეყანაში“, საუბარია, რომ ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია ქვეყანაზე. მედიის ცნობით, კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.

კვლევის თანახმად, 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2025 წელს ირანიდან შემოტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა და ღირებულება იზრდება.

ამასთან ერთად, საქართველოში, კერძოდ თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში, ღიად მოქმედებენ ირანული რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული „ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომლებიც „ხელს უწყობენ თეირანთან დაკავშირებულ რელიგიურ დოქტრინებს, ქმნიან ლოიალურ სასულიერო ქსელებს და რელიგიური განათლების საფარქვეშ იდეოლოგიურ მომზადებას უზრუნველყოფენ“.

ასევე, ცოტა ხნის წინ, 4 მარტს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი – „ტერორისტების სკოლა”. მისივე თქმით, უნივერსიტეტი 15 წელია განათლების სამინისტროს აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებს. როგორც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა მას თინა ხიდაშელმა განაცხადა ამ უნივერსიტეტს აშშ-ისა და კანადის სანქციები აქვს დაწესებული „ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის“

სუსი აცხადებს, რომ ეს ინფორმაციები ეწინააღმდეგება ფაქტობრივ მოცემულობებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.