სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სუსის შენობასთან ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს – ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა.
პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან – ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი.
ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – წერს სუსი სამთავრობო პროპაგანდისტული „რუსთავი 2-ისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
„შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი“, – წერს პროკურატურა.