სუსი: აქციის ორგანიზატორები განიხილავენ სიტუაციის დაძაბვას, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

სუსი შენიღბული პირების მხრიდან „სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებულ ძალადობრივ აქტებს“ „მილევადი საპროტესტო მუხტის“ ხელოვნურად გაზრდის მცდელობად აფასებს.

„გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც, მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის.

აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენს მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დასრულდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი ინფორმაციით, „დესტრუქციული და  დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების“ მხრიდან დაგეგმილია, რომ 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს.

„ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.

აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც, მათი განზრახვით, უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას.

აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სუსი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, „რათა ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი.“