სუსი BBC-ის ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მოქალაქეებს გამოკითხვაზე იბარებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით მოქალაქეები უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარა. გამოკითხვაზე დაიბარეს სამი ექიმი: კონსტანტინე ჩახუნაშვილი, დავით ჩახუნაშვილი და გელა ღუნაშვილი. ისინი იმ კვლევის ავტორები არიან, რომელიც ამ საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს.

BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამვლელი ქიმიური იარაღი, რომელსაც „კამიტს“ უწოდებენ. BBC თავისი გამოძიების ფარგლებში ესაუბრა ექიმ კოტე ჩახუნაშვილს, რომელიც თავადაც იყო საპროტესტო აქციაზე და წყლის ჭავლიც მოხვდა. მისი თქმით, კანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეწვოდა, ხოლო წყლით ამ შეგრძნების მოშორება შეუძლებელი აღმოჩნდა – პირიქით, წყალი აუარესებდა მდგომარეობას.

ჩახუნაშვილმა გადაწყვიტა, მოეკვლია, სხვებსაც ჰქონდათ თუ არა მსგავსი სიმპტომები და სოციალური მედიის დახმარებით გამოკითხვა ჩაატარა. 350 ადამიანიდან, რომლებიც გამოეხმაურა, დაახლოებით ნახევარს ჰქონდა ერთი ან რამდენიმე სიმპტომი 30-ზე მეტი დღის განმავლობაში.
ექიმმა გამოკითხული პირებიდან 69 პირადადაც გასინჯა და აღმოაჩინა, რომ მათი გულის ელექტრულ სიგნალებში აღინიშნებოდა „ანომალიების მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელება“.

გამოკითხვაზე დაიბარეს აქტივისტი ზვიად მაისაშვილი, რომელიც ფილმში ყვება როგორ გაუსწორდნენ სპეცრაზმელები. „პუბლიკასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ უწყებაში არ მივა და მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. აგვისტოში, 8 თვის შემდეგ, სპეცრაზმის მიერ ნაცემ ზვიად მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

„ბუნდოვნად მახსოვს მისი თვალები – როგორი ბრაზით შემომხედა. ეს არასდროს დამავიწყდება. შემდეგ კი ყველა მხრიდან მირტყამდნენ ფეხებით. ვეუბნებოდი – გთხოვთ, ნუ მცემთ, ალბათ ერთხელ ან ორჯერ ვუთხარი. მერე გონება დავკარგე“, – ყვება მაისაშვილი BBC-ის ფილმში.

გამოკითხვაზე დაიბარეს „დროას“ წევრი, თათა ხუნდაძე, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ 2024 წლის აქციების დაშლის შემდეგ დამწვარი ჰქონდა სახის კანი და კვირების განმავლობაში ღებინება აწუხებდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ“ განაცხადა, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს ორგანიზაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და თანამშრომელი. საიას ცნობით, ისინი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თანამშრომლები BBC-თან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ საიას ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგს.

„ფილმში საიამ ისაუბრა 2024 წლის მასობრივი პროტესტების დროს აქციის მონაწილეების წამების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა სისტემურ შემთხვევებზე, რომელთა შესახებაც საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც ათეულობით დაზარალებულის შემთხვევაა აღწერილი. ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომია და საია ამ საკითხებზე ღიად საუბრობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საიას თანამშრომლების მოწმის სტატუსით დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე ზეწოლაა რომლებიც სისტემურ უფლებადარღვევებზე საუბრობენ.
სუს-ის მიერ ამ საქმის ფარგლებში გამოყენებული ფორმულირება – „სახელმწიფო ინტერესების დაზიანების“ კვალიფიკაციის შესახებ განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ატარებს ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ძალოვანი უწყებების მხრიდან შესაძლო ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ გასცეს მკაფიო და დამაკმაყოფილებელი პასუხი კითხვაზე, რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით მოხდა აქციების დარბევა, სახელმწიფო ცდილობს პასუხისმგებლობა გადაიტანოს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამინის უფლებებს იცავავენ.
მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ზეწოლის მცდელობები ვერ შეცვლის ჩვენს საქმიანობას და მიზნებს. გამოძიებას საიას თანამშრომლები მიაწვდიან ინფორმაციას მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების გამოვლენას, დოკუმენტირებას და საზოგადოების ინფორმირებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

განახლება: 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური და კოტე და დავით ჩახუნაშვილების მამა, გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეც არის ბრალდებული.


სუს-მა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამვლელი ქიმიური იარაღი, რომელსაც „კამიტს“ უწოდებენ.

BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს.
დოკუმენტში კი ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

  • ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
  • ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.

დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს. სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ. გამოცდისას აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება. BBC კი აცხადებს, რომ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.