სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძებნას აცხადებს ბიჭიკო პაიკიძეზე – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაიკიძე სუსის უოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელია.
პაიკიძე არის „ქართული ოცნების” დეპუტატი ვანის საკრებულოში.
სუსის განცხადებით, ძებნის გამოცხადებას საფუძვლად დაედო გამოძიება თაღლითობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების შესახებ.
სუსი ამბობს, რომ საქმე ეხება თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას.
„სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს BP Trans-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი.
ხოლო შპს BP Trans-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალი და გამოცხადდება ძებნა“, – აცხადებს უწყება.
სუსის განცხადებითვე:
„დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირადამცავი ქვაყრილის ლოდების მოპირკეთების სამუშაოების განხორციელებისას შპს B.P. TRANS-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორ ვალერიანე კვარაცხელიას, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი”.
სუსის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 80-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა/დაზუსტების მიზნით.
საზოგადოებას გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია. შესაბამისად, აქვე შეგვიძლია მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში – გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისთვის“, – აცხადებს სუსი.
ბიჭიკო პაიკიძის კორუფციულ საქმიანობაზე მასალა პირველად „სტუდია მონიტორმა” 2020 წელს მოამზადა.
გამოძიების თანახმად, 2014-2017 წლებში ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა კომპანია „ჯორიან ენერჯიმ” სამთო-მოპოვებელი კომპანია „RMG გოლდისგან” ჯამში 61 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო.
„მონიტორისვე” თანახმად, „ჯორჯიან ენერგიმ” შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფის” მშენებლობაზე 319 ათასი ლარის სამუშაოები შეასრულა.
„ფლანგვის დეტექტორის“ მიერ 2021 წელს მომზადებული მასალის მიხედვით, 2017-2020 წლებში ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – „ჯორჯიან ენერჯიმ” და „ბიპი ტრანსმა” ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.
„ფლანგის დეტექტორის” თანახმად, ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუსის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.
ის, რომ ლილუაშვილი პაიკიძის შვილის ნათლიაა, სუსის ყოფილი თავადვე ამბობს კომენტარში, რომელიც ასევე „სტუდია მონიტორის” მასალაშია.
2016 წელს ბიჭიკო პაიკიძემ და მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 72,000 ლარი შესწირეს.