სუსი „ჰავანის სინდრომის“ შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ჰავანას სინდრომზე“ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადებაში სუსი აღნიშნავს, რომ უწყებამ გადაამოწმა ფაქტები და დაელოდა პარტნიორი მხარის ოფიციალურ განცხადებას. უწყების ცნობით, აშშ-ის დაზვერვამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ეჭვქვეშ დააყენეს ჟურნალისტური გამოძიება და არ დაადასტურეს მასში მოყვანილი ფაქტები არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის.

აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – წერია უწყების განცხადებაში.

 ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომელსაც The Insider 1 წლის განმავლობაში ატარებდა 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად, გაირკვა, რომ არსებობს კავშირი რუსული GRU-ს [რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახური] პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს.

„ჰავანის სინდრომი” ეწოდა ამოუხსნელ დაავადებას იმის გამო, რომ კუბის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოში დიპლომატები და ჯაშუშები 2015 და 2016 წლებში ავად ხდებოდნენ აქამდე კვლავაც დაუდგენელი მიზეზებით. ოფიციალურმა პირებმა არ იცოდნენ, ვინ ან რა იდგა სავარაუდოდ რადიოს სიხშირით ან ენერგეტიკის შეტევით განხორციელებული თავდასხმების უკან, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის თანამშრომლების ავადმყოფობა და ტვინის დაზიანებაც კი გამოიწვია.

The Insider-ის, 60 Minutes-ის და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება აგებულია შემთხვევაზე, რომელიც 2021 წელს თბილისში მოხდა.