ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სუსი ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებას უზღუდავს.
„ფორმულას” ინფორმაციით, სუსი ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლებას უზღუდავს.
„ფორმულას” თანახმად, უწყების განცხადებით, ხაბეიშვილი შეეცდება საქმეში არსებულ პირებთან და მოწმეებთან დაკავშირებასა და ზემოქმედების მოთხოვნას.
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიზანშეწონილია, რომ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება“. – „ფორმულას” თანახმად, ასე წერია სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს გამომძიებელ შაქრო ხარშილაძის დადგენილებაში.
„პუბლიკა” დაუკავშირდა ლევან ხაბეიშვილის ადვოკატ გიორგი კონდახაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ დადგენილება მას ჯერ არ ჩაბარებია.
„ენმ-ის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სუსმა 11 სექტემბერს, „ფორმულას” ეზოში დააკავა.
სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კერძოდ, სუსმა განაცხადა, რომ „ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიებით ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას, თუ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე”.
13 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ლევან ხაბეიშვილს ბრალი კიდევ ერთი – სსკ-ის 317-ე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლით წარედგინა.
„ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს”. – განაცხადეს პროკურატურაში.