„სუსი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსმენებზე შეკითხვის საპასუხოდ.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რომელ კანონში ჯდება, მაგალითად, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის მოსმენა, რომელიც ადასტურებს, რომ „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებში მისი მონაწილეობით აღწერილი დიალოგი ნამდვილად შედგა.
„თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია, თქვენ არ ხართ დამოუკიდებელი… ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, ზედმეტი კომენტარი და სერიოზული კომენტარი არ შეიძლება ამაზე გავაკეთო“, – უპასუხა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
ჟურნალისტმა ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საუბრის შინაარსს ადასტურებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტიც, რაზეც პრემიერმა უპასუხა – „არ ვიცი, არ არის საინტერესო“.
„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს პირდაპირ ეთერში, მისი თქმით, სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი გაასაჯაროვა. გვარამია აცხადებს, რომ მის მიერ ეთერში წაკითხული დოკუმენტები შეეხება როგორც ამა თუ იმ ცნობილი პირის, ჟურნალისტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის უკანონო ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, სხვადასხვა პოლიტიკურ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა კომუნიკაციას და ა.შ. გვარამია ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის ამუშავებდა. გვარამიას თქმით, ეს ინფორმაცია მოიცავს 2020 წელს მომხდარ მოვლენებს.
მასალაში ნახსენები სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები (გიორგი ონიანი, გურამ იმნაძე და გიორგი მშვენიერაძე) ადასტურებენ გადაცემაში განხილული ერთ-ერთი კომუნიკაციის ნამდვილობას, რომელიც შეეხებოდა სოციალური სამართიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის დაბარებას უსაფრთხოების სამსახურში. ეთერში გასული სხვა ინფორმაციის ნამდვილობას ასევე ადასტურებს რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი მგელაძეც.