სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გრემისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების ნიშნები ფიქსირდება 2011 წლიდან, რა პერიოდშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონოდ აღიმართა საოკუპაციო ძალების ე.წ. სათვალთვალო პუნქტი. უკანონო ინსტალაციების აღმართვა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში უკანონოდ აღიმართა ე.წ. საგუშაგო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება საოკუპაციო ძალების თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც მცხეთა-მთიანეთის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები წარმოადგენენ, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებული თემების გაშუქება მოითხოვს საკითხისადმი ზუსტ და ფრთხილ დამოკიდებულებას, რათა არ დაზიანდეს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციის მიმართულებით წარმოებული პოლიტიკა და არ მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.