სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 13 იანვარს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია.
„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად ვიკავებდით თავს სახელებისა და გვარების დასახელებისა და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.
არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.