სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი ფაილებისა და ფარული მოსმენების გამო, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი, ბრიუსელში დაიბარეს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა
„თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან.
საქართველოს ელჩი ევროკავშირში გუშინ იყო დაბარებული ბრიუსელის სათავო ოფისში, პოზიციების დასაფიქსირებლად და შემდგომი მჯელობისთვის.
თავს შევიკავებ დეტალებში ღრმად შესვლისგან, ვადევნებთ თვალყურს ამ მოვლენებს და გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიკუსია და აქტიური მსჯელობა ფარულ მიყურადებასა და თვალთვალზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილებიდან იკვეთება, რომ სამსახური უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.
მედიაში გავრცელებული მასალებიდან, ირკვევა, რომ ფაილებში არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა მოამზადა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთმაც“, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს არაერთი ჩანაწერი ტექსტის სახით, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ ფარულ მიყურადებაზე უშუალოდ საელჩოს წარმომადგენელთა მიმართ.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუსის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.