„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 ნოემბრის განცხადება, რომლითაც უწყებამ დააანონსა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, წარმოადგენს მცდელობას, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არსებითად უსაფრთხოების ლოგიკას დაუქვემდებაროს და არსებული პოლიტიკური უკმაყოფილებისა და მათი გამოხატვის კრიმინალიზება დაუშვას“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია ამბობს, სუსის განცხადება აძლიერებს ეჭვებს უსაფრთხოების სისტემის პოლიტიკური და პარტიული ინტერესით ინსტრუმენტალიზების თაობაზე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლითაც საზოგადოებას აცნობა, რომ უწყება აწარმოებს გამოძიებას ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით).
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელებსა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაკეთებული მოწოდებები რევოლუციისა, თუ კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობისკენ, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად, უწყება განახორციელებს ყველა სამართლებრივ ღონისძიებას აღნიშნული საფრთხეების გასამკლავებლად.
უპირველეს ყოვლისა, ბუნდოვანია, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და რა საფუძვლით მიმდინარეობს გამოძიება ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების თაობაზე. აგრეთვე, შემაშფოთებელია სისხლისსამართლებრივი ნორმების და დანაშაულის ფარგლების იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რევოლუციაზე საჯარო ფორმატში საუბარი და დისკუსია ავტომატურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
სუს-ის მიერ ციტირებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, მოითხოვს ხელისუფლების დამხობისა და ხელი ჩაგდების მიზნით ძალადობის ელემენტის/ტესტის არსებობას და მის გარეშე შეუძლებელია დანაშაულს ჰქონდეს ადგილი.
ამ დრომდე სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მიერ გაკეთებული განცხადებები უფრო მეტად პოლიტიკური ცვლილებისკენ მიმართულ სხვადასხვა განცხადებებს უკავშირდება, რომელიც არ გადის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროდან. მით უფრო, რომ პოლიტიკური გამოხატვა მაღალი სტანდარტებით არის დაცული და მისი კრიმინალიზება დემოკრატიული პროცესებისთვის დამაზიანებელია.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ სუს-ის მხრიდან მსგავსი გამოძიების დაანონსება არ არის სიახლე და სხვადასხვა დროს სამსახური აკეთებდა ხოლმე ე.წ. პრევენციულ განცხადებებს გამოძიების დაწყების თაობაზე საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და საჯარო კრიტიკის სხვადასხვა გამოცდილებებზე.
მსგავსი განცხადებების მიზანი, ნაცვლად რეალური დანაშაულებრივი ქმედებების გამოაშკარავებისა, ან დამნაშავეების დასჯისა, იყო საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება, ან არსებული საპროტესტო მუხტის შესუსტება.
სამწუხაროდ, 3 ნოემბრის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს უწყების პოლიტიზირების და მისი ვიწროპარტიული ინტერესებით ისნტრუმენტალიზების ტენდენციას. უსაფრთხოების სისტემის ამგვარი გამოყენება არსებითად ასუსტებს მას და ზრდის საზოგადოებრივ უნდობლობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ.
ამავდროულად, მკაფიოა, რომ არსებულ რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, ხელისუფლება პოლიტიკური დიალოგის და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ნაცვლად, კვლავაც ირჩევს დასჯისა და კონტროლის ენას, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს შექმნილი მდგომარეობიდან კონსტრუქციული დიალოგის გზით გამოსვლის პერსპექტივას.
ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა ჯგუფებმა მიიღონ მაქსიმალური ზომები, რომ მათი და მათი მხარდამჭერების მობილიზაციის სტრატეგიები დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის და პრინციპების ჩარჩოში მოექცეს და ხელი შეუწყონ სოციალური მშვიდობის დაცვასა და დემოკრატიული კონტროლის და მონაწილეობის მშვიდობიანი გზებით განხორციელებას.
სამწუხაროა, რომ არადემოკრატიულად და მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურმა კრიზისმა და პოლარიზებამ კულმინაციას მიაღწია და ამ დრომდე არ ჩანს, ამ რეალობიდან გამოსვლის რაციონალური, შეთანხმებისკენ მიმართული მცდელობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:
- სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურს:
მიაწოდოს საზოგადოებას, რა კონკრეტული ფაქტების და გარემოებების ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება ხელისუფლების შეთქმულების ფაქტზე;
თავი შეიკავოს იმგვარი განცხადებების გაკეთებისგან, რომელსაც მსუსხავი ეფექტი ექნება გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებებზე;
მთავრობას უარი თქვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარტიული მიზნებით ინსტრუმენტალიზებაზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსოლიდაციისკენ.
- პოლიტიკურ პარტიებს:
საკუთარ სამოქმედო სტრატეგიებში გაითვალისწინოს სოციალური მშვიდობის დაცვის ინტერესი და არ დაუშვას ესკალაციის, სოციალური პოლარიზების შემქმნელი მცდელობები“, – ვკითხულობთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები.
მათივე მტკიცებით, მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის, ძალადობრივი გზებით.
სუსის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები აკრიტიკებენ და ირონიულ პოსტებს წერენ.