სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.
მისივე მტკიცებით, შსს-ს არასდროს შეუძენია „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი, შესაბამისად, არც აქციაზე გამოუყენებია.
„ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“.
აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება „ტრიქლორეთილენთან“ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710.
ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც.
ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5-კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია, როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439“. – თქვა ლაშა მაღრაძემ.

სუსის უფროსის მოადგილემ თქვა, რომ BBC-ის მასალის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 163 საგამოძიებო მოქმედება და გამოიკითხა 93 მოწმე.
„მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა“. – თქვა ლაშა მაღრაძემ.
მისი განცხადებით, ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებებია:
- ქიმიური ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“;
- ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით);
- ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი.
მისივე განცხადებით, ვერ მოხერხდა გდდ-ის შეიარაღების ყოფილი უფროსის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა.
მაღრაძემ თქვა, რომ შერგელაშვილის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს.
„საყურადღებო გარემოებაა, რომ მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად.
გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში“. – თქვა ლაშა მაღრაძემ.
სუსის უფროსის მოადგილისვე განცხადებით, BBC-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
სუსმა BBC-ის საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო 319-და 333-ე მუხლებით. 333-ე მუხლი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
გამოძიების მხოლოდ ერთი მუხლით გაგრძელება ლაშა მაღრაძემ იმით ახსნა, რომ „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამოიწურა”.
1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევას ადასტურებს ირაკლი კობახიძეც. „ოცნების” პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ წყალში შერეული არ ყოფილა „კამიტი“, ხოლო იმას, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებფული, „გამოძიება დაადგენს”.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. ტრიქლოროეთილენი კარცეროგენია.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.