სუსის სავარაუდო ფაილები, „სისხლიანი ბანერები“, მუქარა, ზეწოლა - ISFED-ის წინასაარჩევნო ანგარიში

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც, ორგანიზაციის ცნობით, მოიცავს 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 2

  • სამსახურიდან  სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 4

  • სავარაუდოდ  პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 20

  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 3,

  • ამომრჩევლის სავარაუდო  მოსყიდვის – 5

  • მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 1

  • არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 12

  • საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების – 5 ფაქტი

  • ქვეყნის მასშტაბით,  შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები

ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.

„საგანგაშო იყო „TV პირველის“ გადაცემაში, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში, იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად“, – წერს ISFED.

ორგანიზაციის ანგარიშში ე.წ. „სისხლიანი ბანერებიც“ მოხვდა.

„ძალადობრივი შინაარსის ბანერები სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით წარსულში რამდენჯერმე გამოიკრა. საარჩევნო პერიოდში ძალადობის პროპაგანდა აკრძალულია, ასევე, იკრძალება ანონიმური შემოწირულობაც.

„სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკოსა და აუდიტის სამსახურს მათი კომპეტენციების ფარგლებში ფაქტის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართა“, – წერს ორგანიზაცია.

ISFED წერს, რომ საყურადღებო იყო საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პარტიების მიერ დაკომპლექტების პროცესი.

„რიგ უბნებზე ყველა უფლებამოსილმა პარტიამ კომისიებში დასანიშნი წევრების კვოტები ვერ აითვისა, რის გამოც კომისიის წევრთა 17-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა კონკურსები გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საარჩევნო უბნების შემადგენლობაში დარღვეულია პროპორცია პროფესიულად არჩეულ და პარტიულად დანიშნულ წევრებს შორის; პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები აღემატებიან პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს.

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას თვალშისაცემი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არაინფორმირებულობამათი დამნიშნავი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის შესახებრიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პირებს უკვირდათ, რომ ისინი არ იყვნენ ნომინირებულები პოლიტიკური პარტიის მიერ. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა ნაწილმა არ იცოდა რომელი პარტიიდან იყო დანიშნული; მათ თავი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ და მხოლოდ ტრენინგზე, შესაბამისი სიის შევსებისას, აღმოაჩინეს წარმდგენი პარტიის დასახელება, რამაც ზოგიერთი მათგანის გულისწყრომაც გამოიწვია“, – წერია ანგარიშში.

ამავე ანგარიშით:

  • გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ.
  • კვლავ ფიქსირდება პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლა/მუქარის ტენდენცია.
  • საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები, რათა მათ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე.
  • შენარჩუნებულია საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის ტენდენცია
  • ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენების მხრივ აღსანიშნავია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, მმართველი პარტიის ირიბი აგიტაცია
  • დაფიქსირდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიაზე ძალადობის ფაქტები, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებსაც შეიცავდა.

ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო კომისიების, სასამართლოსა და სხვა რელევანტური უწყებების წინაშე 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა.

ისფედის ცნობით, უფასო იურიდიული დახმარების პროექტის ფარგლებში, იმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც საჯარო სამსახურებიდან, სახელმწიფო ან მუნიციპალური სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან, საჯარო სკოლებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, ორგანიზაციამ 19 სარჩელი წარადგინა სასამართლოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.