სუსში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დ.კ. და გ. ო. დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დ.კ. გ.ო.-სთან წინასწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.
2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ დ.კ-ს და გ.ო.-ს მოთხოვნით, მათ ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1500 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის შემდგომ დ.კ. და გ.ო. სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. ამასთან, ისინი ყოველთვის უმეორებდნენ, რომ თითქოსდა საქმეში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. აღნიშნულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ 2025 წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, დ.კ-ს და გ.ო.-სთან შეხვედრისას, დამატებით გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.
ამრიგად, დ.კ. და გ.ო. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი 8000 აშშ დოლარიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4000 ლარს“,- ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.