სუსმა გორში ერთ-ერთი აიპის მთავარი ბუღალტერი დააკავა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა.

როგორც უწყება წერს, გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.

ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს”, – ნათქვამია განცხადებაში.