სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერის წარმომადგენელი დააკავა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პირმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.