სუსმა წალენჯიხაში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი დააკავა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი და წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი, გელა აბულაძე დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა.

თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი”, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუსში ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინებათ ყველა ზემოაღნიშნულ პირს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის საქმეზე მიმდინარეობს.

პარტიაში „საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – პარტიის „საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – გელა აბულაძე.

„შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ წამოიწყო გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად, რაც ვერ შეძლეს და რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ გვისაუბრია.

„ოცნების” ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ.”, – წერს პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა.

მისი თქმით, ამის ფონზე ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია მამის საფლავზე მისულ, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ლიდერზე – მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ფაქტი.