სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ თბილისში სხვადასხვა ადგილას, ძირითადად კედლებზე გაჩნდა ერთი და იმავე ფორმის ნახატები.
რონდელის ფონდის მკვლევარი უსაფრთხოების საკითხებზე, ზურაბ ბატიაშვილი წერს, რომ ასეა ხოლმე მონიშნული სამხედრო თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად საინტერესო ობიექტი და „ამის შემხედვარე, გინდა-არ გინდა, რუსი „ტურისტების“ მიერ კიევში ომის წინ გაკეთებული მსგავსი ნიშნები გახსენდება“.
„პუბლიკა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სუს-ის წარმომადგენლის თქმით, უწყება ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტების შესახებ, თუმცა გამოძიება არ დაუწყია.
„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ქალაქის მუნიციპალიტეტს და ჰკითხა, აქვთ თუ არა ინფორმაცია აღნიშნული ნახატების შესახებ. მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ.
„პუბლიკა” კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებაში კომენტარის გაკეთების შემთხვევაში, მკითხველს დამატებით ეცნობება.