შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
„ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა” – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე 5 დღეა სვანეთში ორ ახალგაზრდას ეძებენ. ისინი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს ახალგაზრდებმა ახლობლებს შეატყობინეს, რომ გზა აებნათ. მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.