პროკურატურის განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს. საქმე ეხება სვანეთში მომხდარს, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 იანვარს, ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.
მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ“, – წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„ინტერპრესნიუსთან“ ადვოკატი ლაშა ხოშტარია ამბობს, რომ დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. მისივე განცხადებით, დაკავებული ბეჟან ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, რევაზ პაკელიანმა კი გამოძიებას ჩვენება მისცა. ხოშტარიას განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულები, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორები იყვნენ.
„მობილური ტელეფონის გამო, დღეს არავის აყაჩაღებენ. ბრალდებაში მითითებულია, თითქოს დაყაჩაღება მობილური ტელეფონის გამო მოხდა, ბევრი მნიშვნელოვანი კითხვაა, ვფიქრობ, სასამართლოში ბევრი რამე შეიცვლება და აბსოლუტურად სხვა სურათი დადგება“, – თქვა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“.