ბელარუსი ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი გმობს ბელარუსში პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობას და მოუწოდებს ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომ მშვიდობიანად წავიდეს.
„ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა“, – ამბობს მწერალი რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურთან ინტერვიუში.
„წადი, სანამ ძალიან გვიანი არ არის, სანამ ხალხს საშინელ უფსკრულში გადაჩეხთ, სამოქალაქო ომის უფსკრულში“, – მიმართავს ალექსიევიჩი ლუკაშენკოს და დასძენს – „არავის უნდა სისხლი. მხოლოდ შენ გინდა ძალაუფლება. ეს შენი სწრაფვაა ძალაუფლებისკენ, რომელიც სისხლს მოითხოვს“.
მწერლის თქმით, ის შოკირებულია პოლიციის ძალადობით და მიიჩნევს, რომ ლუკაშენკო არჩევნებში დამარცხდა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან.
„არაადამიანურსა და სატანურს“ უწოდებს სპეცრაზმის ქმედებებს. გამოთქვამს ეჭვს, რომ სპეცრაზმელთა შორის არამხოლოდ ბელარუსული OMON-ის წევრები, არამედ რუსული OMON-იც მონაწილეობს.
„მიჭირს დავიჯერო, რომ ეს ბელარუსული OMON-ია. მგონია, ბელარუსი ბიჭები ასე არ სცემდნენ თავიანთ დედებსა და დებს. ეს რაღაც არარეალურია. პატარა ქალაქებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სპეცრაზმელები უარს ამბობენ ხალხის ცემაზე. მათ საკუთარი ხალხის ცემა არ სურთ. ხოლო აქ რაღაც არარეალური ხდება…“.
ალექსიევიჩმა ინტერვიუში ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ცვლილებების სიმბოლო უწოდა და თქვა, რომ „მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და არაფერი აქვს მისი საწინააღმდეგო“.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. არჩევნების დღეს ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 3 000-მდე ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, ბელარუსის საპროტესტო აქციების მეოთხე ღამეს პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მეორე დემონსტრანტი გარდაიცვალა.