სწავლა სკოლებში 1 სექტემბრამდე არ განახლდება – პრემიერი

პუბლიკა

დღეს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სწავლა სკოლებში 1 სექტემბრამდე არ განახლდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ არც აკადემიური წლის გამოცხადება იგეგმება და არც ეროვნული გამოცდების გაუქმება.

„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება. დიდი თემაა და ცალკე ვისაუბრებთ. აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრომ შეძლო წარმატებით გამკლავებოდა ამ გამოწვევას და ონლაინ სწავლების მხრივ სკოლებსა და უმაღლესებში პროცესები წარმართა ეფექტიანად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა.

ონლაინსწავლება – რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სისტემა, სკოლა, მასწავლებლები

ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით. ასევე, მნიშვნელოვანია, სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.

შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა, TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას.

განათლების სამინისტრომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი – „ტელესკოლა“. „ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავიდა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. პროექტი აბიტურიენტის საათსაც ითვალისწინებს, რომელზეც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას.