სწავლების პროცესის მართვისთვის გატარებული ღონისძიებები არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.

„უწყების მიერ მიღებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებმა თავად უნდა შეიმუშაონ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ერთიანი ხედვის და მიდგომის არსებობისთვის არასაკმარისია.

არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 7 თებერვლის განცხადების თანახმად, 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. ასევე, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება საკმარისად, რადგან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 – კერძო“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნულის მიხედვით დაიგეგმოს სასწავლო პროცესი. ამასთან, მაქსიმალურად უნდა გამოიყოს როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსი, რათა სკოლებმა შეძლონ პრევენციული ღონისძიებების ეფექტური განხორციელება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გაძლიერებული მონიტორინგის პირობებში.