აშშ-ის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა – როგორც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარი, დაახლოებით, 1 საათს გაგრძელდა და ის „ძალიან კარგი” იყო.
„დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. ის, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა გუშინ პრეზიდენტ პუტინთან განხორციელებულ ზარს, რათა შევაჯეროთ უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ვართ სწორ გზაზე”, – დაწერა ტრამპმა.
გუშინ, 19 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის რამდენიმესაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა, რის ფარგლებშიც ისინი „შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.
პუტინმა უარი თქვა სრულ წინადადებაზე, რაც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოიცავდა და თქვა, რომ ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის პარტნიორები კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას შეწყვეტენ.
ამასთან, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ დღეს ისინი 175 პატიმარს გაცვლიან.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებაზე უარიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვი, პოლტავა, ჩერნიჰივი, კიევი და სხვა რეგიონები.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის დაბომბეს საავადმყოფო სუმიში.