საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამონისტრო ავრცელებს.
კონფერენციის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“ (Health, as a Global Challenge).
როგორც სამინისტროში ამბობენ, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე.
„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ კონფერენციას საერთაშორისო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.
სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო.
აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას”, – თქვა მან.
როგორც მინისტრი ამბობს, ამაყობს, რომ მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
„მოხარული ვარ, რომ კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა. ეს შეხვედრა იქნება პლატფორმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების მიმართულებებისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტების განსახილველად.
დიახ, არსებობს გლობალური გამოწვევები, მაგრამ ამავდროულად ჩვენს ხელთ არის მეცნიერება, როგორც მძლავრი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს“, – მიმართა მან კონფერენციის მონაწილეებს.
განათლების სამინისტროს ცნობით, „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მათ შორის: დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, იულიხის მეცნიერებების ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის, აახენის, იენისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და პროფესორები.
2022 წლის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონფერენცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 12-14 სექტემბერს ჩატარდება. კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს ჩაატარებენ ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით.