ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლონეთის პრემიერ მათეუშ მორავიეცკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც ქვეყანას აკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებებით.
მისივე თქმით, საქართველო აფასებს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ირაკლი ღარიბაშილის თქმით, 2008 წლის ომის დროს სწორედ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკიმ გაუწია ორგანიზება ევროპელი ლიდერების საქართველოში ჩამოსვლას.
„ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით. მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“, – აღნიშნა პრემიერმა.