სწორი გადაწყვეტილებაა, რაღაცით უნდა დაგვეწყო. უსასრულოდ ვერ ვიქნებით დაკეტილები – ბუწაშვილი

პუბლიკა

საქართველო 8 ივლისიდან საზღვრებს უპირობოდ ხუთ ქვეყანას უხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებს საზღვარზე მოუწევთ სპეციალური ანკეტის შევსება და სიმპტომების შემთხვევაში გაივლიან ტესტირებას.

საზღვრების გახსნაზე საუბრისას მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ მათ ქვეყნებისთვის  გარკვეული პირობებით გახსნიდა და ერთ-ერთი პირობა ტურისტის მიერ საზღვარზე ბოლო 72 საათში ჩატარებული pcr-ის პასუხის წარდგენა უნდა ყოფილიყო.

გაზრდის თუ არა რისკს მხოლოდ ანკეტის შევსების შემდეგ ტურისტების შემოშვება ქვეყანაში და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს საზღვრების გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაციის კონტროლისთვის. ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს დავუსვით.

მაია ბუწაშვილის შეფასებით, ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება სარისკოა, თუმცა ეს ნაბიჯი ქვეყანას ოდესმე უნდა გადაედგა და დღეს არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ეს დრო საუკეთესოა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანამ უნდა იზრუნოს, მიჰყვეს მთავრობის გეგმას ტესტირების გაფართოების შესახებ, რათა მუდმივი ტესტირებით ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკი შემცირდეს.

„რა თქმა უნდა, სარისკო ნაბიჯია და, რა თქმა უნდა, მჭიდრო მონიტორინგი გვჭირდება, რომ უცებ არ დაიწყოს შემთხვევათა აღმავლობა ამ ნაბიჯის შემდეგ. უბრალოდ, ჩვენთან ოდესღაც თუ უნდა გახსნილიყო საზღვრები, ახლა არის ამის საუკეთესო პირობა იმიტომ, რომ ჩვენთან ეპიდსიტუაცია ამ წუთში ძალიან კარგია და უსასრულოდ დაკეტილი ვერ იქნება ქვეყანა. რაღაცით უნდა დაწყებულიყო.

ალტერნატიული ნაბიჯი იქნებოდა, ყველა შემთხვევაში მოგვეთხოვა მათთვის pcr-გამოკვლევის შედეგი, თავის ქვეყანაში გაკეთებული, თუმცა ამის პრობლემა არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში ფასი საკმაოდ მაღალია pcr-ტესტირების და ტურისტებისთვის ძალიან რომ არ გაეძვირებინათ სერვისი, ალბათ, ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს.

წესები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქმედებს თავშეყრის ადგილებში, ტურისტებზეც უნდა გავრცელდეს. მათზე განსაკუთრებული შეღავათები ვერ გავრცელდება.

მეორე ის, რომ მთავრობის გეგმას, რომელიც ისედაც ითქვა ტესტირების გაფართოებაზე, უნდა მივყვეთ აუცილებლად, რომ რაც შეიძლება მეტად იქნეს ქვეყანა მოცული ამ ნაბიჯის შემდეგ, რათა არ გაიპაროს სადღაც ისეთი კლასტერები, სადაც შეიძლება დაიწყოს უცებ აფეთქება. ახლა რისკი აშკარად მოიმატებს.

ტურიზმთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. რთული ნაბიჯია, მაგრამ ვფიქრობ, სწორი იყო რაღაცით დაწყება. იმიტომ, რომ ასე უსასრულოდ ვერ ვიქნებით დაკეტილები, ან ველოდებით ვაქცინას და მანამდე ვართ ჩაკეტილები, რაც შორეული პერსპექტივაა და თუ ვაპირებთ გახსნას, ახლა მოსინჯვისთვის საუკეთესო დროა“. – ამბობს მაია ბუწაშვილი.